კომერციულ ბანკებს მოგება შეუმცირდათ

2019 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 87,886 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 8,734 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,531 მლნ ლარით ნაკლებია.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 103,417 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის სექტემბერში - 96,620 მლნ იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბანკების შემოსავლებმა 399,564 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 301,127 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,649 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 1,177 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 29,523 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ბანკებმა 10,385 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი
კობა გვენეტაძე - კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 25%-მდე შეუმცირდებათ, შედეგად დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ
კომერციული ბანკების მოგება 41 მლნ ლარით გაიზარდა