20-22 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo2019 საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-6 და მე-11 პავილიონებში იმართება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენა უწყების ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა და საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ გახსნეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მსგავსი მასშტაბის გამოფენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერას, რაც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„თანამედროვე ტექნოლოგიები აუცილებელია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა დაფუძნებული იყოს ტექნოლოგიებზე, ასოცირდებოდეს განვითარებასთან, პროგრესთან და ინოვაციებთან. ამისთვის, ჩვენ უნდა შევძლოთ და სოფლის მეურნეობაში მეტი ახალგაზრდის ჩართულობა უზრუნველვყოთ. სიმბოლურია, რომ გამოფენა 21 ნოემბერს გაიხსნა, რადგან 2015 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, 20 ნოემბერს ფერმერის დღე აღინიშნება. მინდა მივულოცო ჩვენ ფერმერებს ეს დღე და წარმატება ვუსურვო. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ფერმერებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. გასული წლების მსგავსად, სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენას წელსაც დაესწრებიან ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს. ზოგადად, მსგავსი მასშტაბის გამოფენები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის განვითარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი და ბელორუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი, ასევე საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს, გამოფენაში 15 ქვეყნის (ავსტრია, ბელორუსი, თურქეთი, იტალია, კოტდიუარი, ლიტვა, მოროკო, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩინეთი) 100-მდე კომპანია მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019-ზე თურქეთი, ბელორუსი და სომხეთი წარმოადგენენ ნაციონალურ სტენდებს, სადაც აღნიშნული ქვეყნების ადგილობრივი კომპანიების წარმოებული პროდუქციის ფართო სპექტრია წარმოდგენილი.
მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.
გამოფენაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველა პროექტსა და პროგრამას. სამინისტროს მხარდაჭერითა და „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით, გამოფენას დაესწრება 850-ზე მეტი ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან.
21 ნოემბერს, გამოფენის ფარგლებში, ჩატარდება კონფერენცია AGROBUSINESS და მოეწყობა სადისკუსიო პანელი თემაზე - სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები, ასევე გაიმართება სემინარები: აგრობიზნესის დაწყების შესაძლებლობებისა და სუპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქციის განთავსებისთვის აუცილებელი სტანდარტების შესახებ.
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აწარმოე საქართველოსა და ,,თიბისი ბიზნესისთვის” მხარდაჭერით ტარდება. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ადგილობრივ და უცხოელ მწარმოებლებს შორის ბიზნესკონტაქტების დამყარების, წარმოებული პროდუქციის მომხმარებლისთვის გაცნობის და ზოგადად, ქვეყანაში კვების მრეწველობის ინდუსტრიის განვითარების კუთხით.