დღეიდან თამბაქოს ბიზნესისთვის, ახალი ვალდებულება ამოქმედდა.
კერძოდ, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, დღეიდან, 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.
„დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე-2000 ლარის, ხოლო განმეორებისას-4000 ლარის ოდენობით.აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა),“-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
ცვლილების თანახმად, დღეიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე/თამბაქოს ნარჩენებზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად, 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, 60 ლარით დაიბეგრება.
გარდა ამისა, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია. ამასთან, ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს.
„ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი,“- ნათქვამია საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებში.
შეგახსენებთ, რომ იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გასულ წელს გაიზარდა და განისაზღვრა 30%-ით, ნაცვლად 10%-ისა.