შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით, ამ გადმოსახედიდან ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, ამიტომ მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში. დღეს ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. ამიტომ, კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“, - განაცხადა გახარიამ.