თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების შედეგად, რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა ინსულტების და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო მანქანების გამოძახება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-13 სხდომის დაწყებამდე განუცხადა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მიმდინარე ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა, მონიტორინგის შედეგები, ასევე ის მიღწევები, რაც კანონის დანერგვამ მოიტანა.
აკაკი ზოიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ ასევე იმ რეგულაციებს, რომელიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. დეპუტატი ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონტროლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას მოითხოვენ. 2020 წლიდან მოწევა იკრძალება სპორტულ მოედნებზე და სასტუმროებში სრულად.
„არ გამართლდა არცერთი უარყოფითი პროგნოზი, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიას და ცალკეულ ექსპერტებს ჰქონდათ. ყველაზე დიდი მიღწევა რაც არის, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა. რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა 2019 წლის განმავლობაში ინსულტების და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო მანქანების გამოძახება, რაც ნიშნავს, რომ პასიური მოწევის გამო აღარ ადგებათ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე, როგორც ეს მანამდე იყო სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ რესტორნებში, კაფეებში, ბარებში. საზოგადოებამ ეს რეგულაცია ძალიან დადებითად მიიღო, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს რეგულაციებს, მათ შორის, მწეველთა ნახევარი. ზაფხულის განმავლობაში 95 პროცენტი იყო კანონის აღსრულება, მაშინ როცა ზამთარში შარშან 87 პროცენტამდე დაეცა. ესეც მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ. დღევანდელი შეკრების თემა სწორედ ეს გახლავთ და ასევე ის რეგულაციები, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს, მაგალითად, სტადიონებზე აკრძალვა 2020 წლის პირველი იანვრიდან. ასევე აკრძალულია უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გვინდა მოვითხოვოთ, კიდევ უფრო მეტად გამკაცრება. სასტუმროებში იკრძალება ასევე სრულად, აქამდე დატოვებული იყო ნომრები, ახლა უკვე იკრძალება სრულად,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.