ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.
თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა.
Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება, შესაბამისად, თანხის დაფარვა 3 გადახდით სრულდება, საპროცენტო განაკვეთი 0%.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა შემოსავალი აქვს და როგორია „კარფურის“ (შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია) ფინანსური მაჩვენებლები. როგორც კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, გასულ წელს კომპანიის შემოსავლებმა - 454,775 მლნ ლარი შეადგინა, აქედან, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი - 429,901 მლნ ლარი იყო. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება - 368,558 მლნ ლარი; ხოლო საერთო მოგება - 86,217 მლნ ლარი იყო.
ანგარიშგების თანახმად, კომპანიის საოპერაციო ხარჯები გასული წლის ბოლოს 88,810 მლნ ლარს; წლის მთლიანი სრული ზარალი კი 27,048 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში იყო - 29,978 მლნ ლარის მნიშვნელოვანი აქტივები.
როგორც „კარფურის“ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილია ორ ჰიპერმარკეტითა, ათი სუპერმარკეტითა და ერთი პატარა ფორმატის სუპერმარკეტით (2017 წელს: ორი ჰიპერმარკეტი და ათი სუპერმარკეტი). ამასთან, 2018 წლის ბოლოსთვის კომპანიის მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ გადააჭარბა 17 მილიონს. თანამშრომლების საერთო რაოდენობამ კი 2,314 ადამიანი შეადგინა.
ცნობისთვის, შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ 2011 წლის 23 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. კომპანია არის შპს Majid Al Futtaim Hypermarkets-ის შვილობილი, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალში ფლობს 100%-იან წილს.