თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი- ყველაზე დიდი დარღვევები სამწუხაროდ, არის სამედიცინო და სახელმწიფო დაწესებულებებში

ყველაზე დიდი დარღვევები, რაც გვაქვს მოწევის აკრძალვის კუთხით, სამწუხაროდ, არის სამედიცინო და სახელმწიფო დაწესებულებებში, - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში დარღვევები ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე ზოგიერთი სამინისტროში გამოვლინდა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 6000-მდე ობიექტი გვაქვს შემოწმებული მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი დარღვევები რაც გვაქვს, სამწუხაროდ, არის სამედიცინო და სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ძირითადად, ასევე ზოგიერთ სამინისტროსა და უწყებაში. რაც შეეხება ვაჭრობის სფეროს, აქ ყველაზე რთული მდგომარეობა გვაქვს პრომო გოგონების კუთხით. ისინი სავაჭრო დაწესებულებებში უკანონოდ ეწევიან კონკრეტული ბრენდების პოპულარიზაციას, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს ვთხოვთ, რომ გააძლიერონ ამ მიმართულებით ყურადღება. რაც შეეხება მოწევის აკრძალვის კუთხით ზოგად მდგომარეობას, დარღვევები, რაც ჩვენ 6 თვის განმავლობაში დავაფიქსირეთ არის მხოლოდ 2 პროცენტი. რაც შეეხება დაჯარიმებულებს, სამედიცინო დაწესებულებებში ყველაზე მეტი დარღვევა კი გამოვლინდა, მაგრამ უმრავლესობას მიეცა გაფრთხილება, რომ აღეკვეთათ მათ ტერიტორიაზე მოწევა, რადგან არა მხოლოდ შენობაში, იცით, რომ ტერიტორიაზეც არის აკრძალვა. 93 ობიექტი იყო გამოვლენილი დარღვევის თვალსაზრისით, 33 ობიექტზე იქნა გამოძახებული პატრული 112-ის მობილური აპლიკაციით, აქედან 15 იყო კვების ობიექტი, 2 გაზგასამართი სადგური,7 ტოტალიზატორი, სამედიცინო დაწესებულება იყო რამდენიმე, სკოლა იყო 2, 1 -უმაღლესი სასწავლებელი და 1 -პლასტმასის საამქრო", - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

შეგახსენებთ, დღეს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა იმართება, სადაც საპატრულო პოლიციის, შემოსავლების სამსახურისა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ წარმოდგენილი იქნება მიმდინარე ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა და მონიტორინგის შედეგები.