გაზრდილი წარმოება და დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები - „ჩიკორის“ ზრდა 2019 წელს

ლიდერი ადგილობრივ ბაზარზე შეფუთული ჩირის წარმოებაში, გაზრდილი ბრუნვა, ახალი საექსპორტო ბაზრები, ახალი პროდუქტები - ეს „ჩიკორის“ ჩირის მწარმოებელი კომპანიის არასრული 2019 წლის შედეგებია. კომპანიას განსაკუთრებული ზრდა აქვს ბოლო თვეებში, როცა გასულ წელთან შედარებით 80%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „ჩიკორი“ ზრდის ამ ტემპის შენარჩუნებას ვარაუდობს წლის ბოლომდე, და მომხმარებელს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში უფრო მეტ სიახლეს ჰპირდება.

„ჩიკორის“ ისტორია 2017 წლიდან იწყება, როდესაც კომპანია „ქარელის ხილმა“ ამ ბრენდით ჩირი ქართულ ბაზარზე გამოიტანა. 2017 წლის მეორე ნახევარში კომპანიის პროდუქცია უკვე საზღვრებს გასცდა და დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის არის ჩეხეთი, ლიეტუვა და ჰონკონგი.

„ჩიკორის“ ბრენდით დღეს ბაზარზე 15 სახეობის ჩირი იყიდება, ნაწილი შოკოლადში ამოვლებული სახით. 2019 წელს საცალო გაყიდვების ქსელებში გამოუშვა ვაშლის ჩიფსები, რომელიც წარმოებისას ვიტამინებისა და მინერალების 70-80%-ს ინარჩუნებს. წელსვე ჩაეშვა სპეციალურად პატარებისთვის შექმნილი ხაზი - „ემილიას ჩიკორი“. ახალი პროდუქტის გამოშვების მთავარი მოტივაცია პატარებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და შესაბამისად, ჯანსაღი ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას ემსახურება. ბავშვებს კიდევ ბევრ სიურპრიზს უმზადებს „ჩიკორი“.

წელსვე „ჩიკორმა“ ოჯახებისთვის ჩირის სახლში მიტანის სერვისი დანერგა. თავდაპირველად სატესტო რეჟიმში გაუშვა, შემდგომ კი მუდმივ სერვისად დატოვა. მიზეზი მაღალი მოთხოვნა გახდა.

ადგილობრივ ბაზარზე „ჩიკორმა“ გაზარდა ტერიტორიული მოცვა მათ შორის რეგიონებში და ამით წელს საცალო ქსელის უდიდესი ნაწილი ქვეყნის მასშტაბით დაფარა.

პარალელურად, „ჩიკორმა“ საექსპორტო ბაზრებიც გააფართოვა. 2019 წელსვე „ჩიკორი“ Lidl-ის ქსელში შევიდა. „ქარელის ხილის“ წარმოებული პროდუქტები ლიეტუვას მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. მანამდე „ჩიკორი“ ჩეხეთში გავიდა. როგორც „ქარელის ხილის“ დირექტორი ვატო დემურიშვილი აცხადებს, უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტირება უკრაინაშიც მოხდება.

2019 წლიდან „ქარელის ხილი“ საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანია გახდა და აქტიურად დაიწყო ბაზარზე განვითარება და წარმადობის გაზრდაზე მუშაობა.

(NS)