თბილისის მერიის ინფორმაცით, ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე, შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება.
პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000 კვ.მ. ფართობზე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დასრულდება. გარდა ამისა, ქუჩაზე ეწყობა გარე განათების ახალი სისტემა და მონტაჟდება LED განათების ლამპიონები.
სამუშაოების ბოლო ეტაპს, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო.
„წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია დავასრულეთ. აღნიშნულ მონაკვეთში, გზის დაზიანებული საფარის პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, თუმცა დღეიდან სავალი ნაწილი მოწესრიგებულია და გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილებისთვის კომფორტული გახდა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ცნობისთვის, შალვა მშველიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგეობის დაკვეთით, შპს „დინ გრუპმა“ განახორციელა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 850 000 ლარით დაფინანსდა.