მთავრობა თავისავე დაშვებულ შეცდომებს ასწორებს - გიორგი კეპულაძე უცხოური ვალუტით დაკრედიტების შესაძლო ცვლილებებზე

მთავრობა თავისსავე დაშვებულ შეცდომას ასწორებს,- ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებას.

როგორც კეპულაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ზღვრის შემცირება სწორი ნაბიჯია და სასურველი იქნება, თუ გადაწყვეტილებები იმგვარად იქნება მიღებული, რომ ბიზნესის პოზიცია თავიდანვე იქნება გათვალისწინებული.

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ მთავრობა ასწორებს თავის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რადგან 200 ათას ლარამდე შეზღუდვამ უკუეფექტი მისცა საქართველოს ეკონომიკას. შეზღუდვა, ეკონომიკური ზრდა და სხვა ფაქტორების მოქმედებასთან ერთად მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. ცხადია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ კარგი იქნება, თუ დროს ისეთ გადაწყვეტილებებში არ დავკარგავთ, რომელთა შეცვლაც შემდეგ მოგვიწევს და თავიდანვე კარგად გავიაზრებთ ნაბიჯებს. მოვუსმენთ ბიზნესს, საბანკო სექტორს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და არ გავჯიუტდებით. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობაზეა.

ზოგადად, რაც ნაკლები რეგულაცია იქნება და მეტი თავისუფლება ექნება ბიზნესს მით უკეთესია. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც ლარი მკვეთრად უფასურდებოდა და ალბათ უფრო პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. 100 ლარამდე შეზღუდვა სრულიად საკმარისია გარკვეული შედეგის მისაღებად. რაც შეეხება ლარიზაციასთან ამის კავშირს, საბოლოო ჯამში როგორც ვხედავთ, ხელოვნური ლარიზაცია არ გამოდის. ეროვნულ ბანკს მოუწია სარეზერვო მოთხოვნის შემცირება. მთავრობას უწევს თავისივე გადაწვეტილების უკან წაღება, გადის დრო და ექვეყანა წინ ვერ მიდის ეკონომიკურად“,-აცხადებს კეპულაძე.

შეგახსენებთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.

აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს.

მარიამ ტიტვინიძე