5 წლის განმავლობაში ევროკავშირმა უკრაინას 15 მლრდ ევრო გამოუყო

2014 წლიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას 15 მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში მატი მაასიკასმა უკრაინის მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.

„2014 წლიდან ევროკავშირმა უკრაინისთვის უპრეცედენტო დახმარების პაკეტის მობილიზება მოახერხა. რეფორმების გატარებისთვის ქვეყანაზე გაიცა 15 მილიარდის დახმარება“ - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, დაფინანსება ეხებოდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროს - ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და საჰაერო ტრანსპორტს.

მანამდე უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ უკრაინას რჩება შესაძლებლობა მიიღოს მორიგი ტრანში ევროკავშირიდან მიმდინარე წლის ბოლომდე. მისი თქმით, ამისათვის ქვეყანას დარჩა 12-დან მხოლოდ 1 პირობის შესრულება. „ეს არის ფინანსური მონიტორიგნის ევროპულ დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმედი მაქვს კანონპროექტის დამტკიცება უმაღლეს რადაში მალე მოხდება“, - განაცხადა მან.

კოკა კვირკველია