ესპანეთი ტურიზმის სფეროში ახალ სიმაღლეებს იპყრობს - ქვეყანა ზედიზედ მეშვიდე წელია, ტურისტების რეკორდულ სტატისტიკას აფიქსირებს. ნაწილობრივ, ამას ამერიკელი და აზიელი ტურისტების რიცხვის ზრდა უზრუნველყოფს, რომლებიც ბრიტანულ ტუროპერატორ „თომას კუკის“ გაკოტრების მიუხედავად, არდადეგების სწორედ ესპანეთში გატარებას ამჯობინებენ.
ესპანეთი მთელს მსოფლიოში, მეორე უდიდესი ტურისტული ქვეყანაა და მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩება. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12 პროცენტი სწორედ ტურიზმზე მოდის.
ესპანეთის ტურიზმის მინისტრ რეიეს მაროტოს ინფორმაციით, წლის პირველ რვა თვეში ქვეყანაში შესული უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 1.3 პროცენტით, 67.1 მილიონამდე გაიზარდა. ეს კი უპირატესად, სწორედ ამერიკელი და აზიელი ტურისტების ხარჯზე მოხდა.
მინისტრი ამბობს, რომ ტურისტების რიცხვის უფრო მეტად ზრდა, „თომას კუკის“ გაკოტრებამ შეაფერხა. ამასთან, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონ კატალონიაში არსებული სეპარატისტული განწყობა და აქედან გამომდინარე დაძაბულობა, ტურიზმზე თითქმის არ მოქმედებს.
მინისტრი ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის, უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი 83.4 მილიონს მიაღწევს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია.