Alibaba-მ ჰონგ-კონგის ბირჟაზე 11 მილიარდი დოლარი მოიზიდა

ჩინურმა ინტერნეტ გიგანტმა Alibaba Group Holding Ltd. ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 88 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარი (11 მილიარდი აშშ დოლარი) მოიზიდა. აღნიშნული კი გახდა ჰონგ-კონგის ბირჟისთვის უმსხვილესი ბოლო 9 წლის განმავლობაში.

კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, რომ ის ინვესტორებს 500 მილიონ ჩვეულებრივ აქციას თითოს 176 ჰონგ-კონგურ დოლარად შესთავაზებს. აქედან 50 მილიონის ანუ 10%-ის დარეზერვება მოხდება. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ეს არის ყველაზე მასშტაბური ლისტინგი ამ ბირჟაზე 2010 წლის შემდეგ. ეს ამავდროულად არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლისტინგი მიმდინარე წელს მსოფლიოში.

წინასწარი ინფორმაციით, აქციებით ვაჭრობა ბირჟაზე 26 ნოემბერს დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს Alibaba 25 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო ნიუ-იორკში აქციების პირველადი განთავსებისას, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი IPO იყო მსოფლიოში.

Alibaba ჩინეთის მასშტაბით უმსხვილეს ინტერნეტ კომერციის პლატფორმებს ფლობს, მათ შორის - Taobao-ს. Alibaba-ზე მოდის ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის 80%.

კოკა კვირკველია