კანადურმა გამოცემამ "Business in Vancouver“ ვერა ქობალია ნომინაციის „Forty under 40“- ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა. ვერა ქობალიასთან ერთად 2019 წლის გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კორპორაციების დამფუძნებლები, აღმასრულებელი დირექტორები და პრეზიდენტები.
„Forty under 40“ თითოეული გამარჯვებული 40 წლამდე ასაკისაა და მათ უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებას ბიზნესში, სამართალში, ლიდერობასა და საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეში წვლილის შეტანაში. ამასთანავე, დაგეგმილია სადღესასწაულო საღამოს გამართვა, სადაც თითოეული მათგანი მიწვეული იქნება.
თავად „Business in Vancouver“ კანადაში 1989 წლიდან გამოიცემა. ბიზნესგამოცემა ყოველწლიურად ასახელებს კატეგორიის “Forty under 40” გამარჯვებულებს. გამოცემის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას. გამარჯვებულთა შორის არიან ახალგაზრდები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, როგორც ბიზნეს სექტორში, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც.
ვერა ქობალია 1981 წლის 24 აგვისტოს სოხუმში დაიბადა. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად 1996 წელს ოჯახთან ერთად ემიგრირებული იყო კანადაში. 2010 წლის თებერვალში ვერა ქობალია დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაციას – „კოალიცია სამართლიანობისათვის“, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობდა. შემდგომ ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. მინისტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა. 2012 წელს „მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა.
ამჟამად ყოფილი მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია და კანადის მთავრობასთან ერთად ეკონომიკის მიმართულებით მუშაობს, პარალელურად ჰონგ კონგის უნივერსიტეტში კვლევებს ახორციელებს.