რატომ ჩხრეკენ საქართველოში ტურისტებს?

"5 ათასი მანქანა დგას რიგში, მშიერ-მწყურვალი ხალხი საზღვარზე გადასვლას ელოდება"

წლევანდელმა ცხელმა ზაფხულმა საქართველოში, შავ ზღვაზე დასვენების მსურველთა რიცხვი ერთი-ორად გაზარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უკვე ლაპარაკობენ წარმატებულ ტურისტულ სეზონზე. შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა რაოდენობას არც ხავერდოვან სეზონზე უჩივიან.

სოფიკო გუჯაბიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე: "წლევანდელი ტურისტული სეზონი შეიძლება წარმატებულად შეფასდეს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომელიც ჩვენს დეპარტამენტს აქვს. ძალიან გაიზარდა სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი: იანვარ-აგვისტოს მონაცემებს თუ გადავხედავთ, ეს მაჩვენებელი 10,41%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, ეს სტატისტიკა სრულყოფილ სურათს მაინც ვერ ქმნის, რადგან კერძო სექტორის მონაცემებს არ მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ კერძო სექტორის მონაცემებს ვერ ვითვლით, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის მეთოდოლოგიაზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამ სექტორსაც აღვრიცხავთ.

გაზრდილია აჭარაში საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობაც: იანვარ-აგვისტოში 30-%-იანი ზრდა გვაქვს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს ბათუმის აეროპორტის მონაცემებია, მაგრამ ბათუმში ძალიან ბევრი დამსვენებელი შემოდის ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებიდანაც. 11-%-იანი ზრდა გვაქვს საზღვაო ტრანსპორტის მხრივ, რომელიც უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით მოძრაობს. წელს აჭარაში შემოვიდა 18 გემი, რაც ორჯერ მეტია შარშანდელ სეზონთან შედარებით".

სოფიკო გუჯაბიძის თქმით, ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ თურქეთია, ხოლო მეორეზე - აზერბაიჯანი. პირველ ხუთეულში ტრადიციულად შედის სომხეთი, მაგრამ გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან შემოსული ტურისტებისა. ასევე მომატებულია დამსვენებლთა რიცხვი ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი თამაზ გოგიბერიძე მიიჩნევს, რომ წელს შავი ზღვის სანაპიროზე მართლაც უპრეცედენტო სეზონი იყო, მაგრამ ეს უფრო ამინდის დამსახურებაა.

"ვისაც ნორმალური, მოწესრიგებული ბინა ჰქონდა, ყველამ გააქირავა. ცხელი ზაფხული იყო და ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ წელს ქობულეთში და მთელ ჩვენს სანაპირო ზოლზე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაისვენა.

რაც მთავარია, ტურისტების სიმრავლემ ძალიან შეუმსუბუქა მდგომარეობა იმ ხალხს, ვისაც ბანკებიდან სესხი ჰქონდა აღებული და ვერ ისტუმრებდა. ბანკის ვალების გამო ხალხი სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. სახელმწიფომ დღემდე არ გასცა შეპირებული სესხი და არ დაეხმარა იმ ოჯახებს, რომლებიც ბანკის ვალს ვერ იხდიდნენ.

კარგი ამინდების მიუხედავად, მოუგვარებელი პრობლემები კვლავ რჩება, რაც ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს. რამდენიმე დღის წინ დარიალის ხეობიდან უკან დამიბრუნდა ორი ტურისტი, რომლებიც თავბედს იწყევლიდნენ - კარგად დავისვენეთ, მაგრამ რაც ახლა ლარსის საბაჟოზე ხდება, გამართლება არა აქვს. ამბობდნენ: 5 ათასი მანქანა დგას რიგში, მშიერ-მწყურვალი ხალხი საზღვარზე გადასვლას ელოდება, მებაჟეები კი ყველა ჩანთას და ჩემოდანს ისე ჩხრეკენ, თითქოს ტურისტებს ატომური ბომბი გადაჰქონდეთო..."(!)

ია თაბაგარი, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე:

"ყველა საბაჟო ძალიან ცუდად მუშაობს, ჩემი თვალით ვნახე ეს ყველაფერი. რამდენიმე საზღვარზე ვიყავი და მეც არ მომეწონა რაც იქ ხდება. ანალოგიური სიტუაციაა სარფის საბაჟოზეც. ძალიან დიდი რიგებია, მებაჟეები თითქოსდა შენელებულ რეჟიმზე არიან გადასული. ყველა გასასვლელი ღია რომ იყოს, მგზავრთა ნაკადს უფრო ადვილად გაატარებდნენ, მაგრამ ასე არ არის. თანაც, ყველა მგზავრს შეურაცხმყოფლად უმოწმებენ ბარგს. მე იმის წინააღმდეგი არა ვარ, რომ საზღვარზე ხალხი შეამოწმონ, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ზრდილობიანად და ტაქტიანად მოხდეს? იგივე სიტუაციაა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, სომხეთის საზღვარზე და ლაგოდეხში. ბუნებრივია, ეს ტურისტების გულისწყრომასა და იმედგაცრუებას იწვევს.

ჩვენს კურორტებზე კიდევ ბევრი რამ არის მოუწესრიგებელი. ტურისტები რომ შემოდიან, მოუწესრიგებელი და დაულაგებელი სველი წერტილები ხვდებათ, რაც ძალიან დიდი სირცხვილია. თუ ეს საკითხი ერთი და ორი წლის წინ მოგვარებული იყო, ახლა რა გვჭირს? კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ვერა და ვერ მოგვარდა, დასუფთავებაა: თითქმის ყველგან ყრია ნარჩენები და ნაგავი, საბედნიეროდ, გონიოში, კვარიათსა და სარფში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. სანაპიროებზე არ არის საშხაპეები და წყალიც დაბინძურებულია. ამ ზაფხულს სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტო გავრცელდა, თუ როგორ დაცურავდა ნარჩენები ზღვაზე. გარდა ამისა, ამ სეზონზე კვების ობიექტებში ძალიან ბევრი ადამიანი მოიწამლა, აქაც სპეციალური კვლევაა ჩასატარებელი: უნდა დადგინდეს, რა ხდება - სამზარეულოა დაბინძურებული, საკვები თუ - სხვა რამ. როგორ შეიძლება საკვები იყოს ძალიან გემრიელი, მაგრამ ამავე დროს ხალხს წამლავდეს?! ამ ნაკლოვანებების გამო ჩვენს საზღვაო კურორტებს შესაძლოა, იმიჯიც გაუფუჭდეს: თუ წყალში ნაგავი ყრია, პლაჟები დაბინძურებულია, საკვები კი ხალხს წამლავს, ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში შემოსვლა და აქედან წასვლა ნერვების მოშლასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ტურისტი აქ აღარ ჩამოვა. მარტო ბუნებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, დამსვენებლებს ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ მომავალ წელს სხვა ქვეყანაში წასვლაზე არც კი იფიქრონ".

ხათუნა ჩიგოგიძე