გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო.
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საშენის სპეციალისტები ხელოვნურად ამრავლებენ სხვადასხვა პოპულაციის კალმახებს. განაყოფიერების პროცესის შემდეგ მომავალი თაობის მიღების მიზნით ქვირითის ინკუბატორში განთავსება ხდება. პრაქტიკული გამოცდილებით დასტურდება, რომ კალმახი ქვირითობას მეორე წლიდან იწყებს.
„2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 20 000 ცალზე მეტი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმაა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება.
ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. ასეთი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა გათევზიანება ხდება. მსგავსი ღონისძიების გარეშე საქართველოს მდინარეებში სახეობა დროთა განმავლობაში დაიკარგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.