"წლის დასაწყისში, საქართველო პირველ ადგილზე იყო საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად"

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა ქართველ კოლეგასთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიას უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„წელს, პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით, იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია.

მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული.

ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილეთ კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტებში, ჩვენ გამოვთქვით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. მინდა აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს და მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას მაღალი ხარისხის თანამშრომლობისთვის.

საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით, 50%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.