შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკას საავტომობილო გზის, თრიალეთი-დაბა წალკას 7.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული, დაორმოებული იყო და ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, აღდგა არსებული ხიდი, მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონი.
რეაბილიტირებული მონაკვეთი ბედიანის ქედის სამხრეთ ფერდობზე სოფ. თრიალეთის ტერიტორიაზე იწყება და მთავრდება დაბა წალკაში, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მიერთებაზე.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 676 956 ლარი შეადგინა.