„მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის“ ტიტულის მქონე კენიელი პეტერ თაბიჩი ყოველთვიური შემოსავლის 80%-ით გაჭირვებულებს ეხმარება.
37 წლის პეტერ თაბაჩი კენიის პატარა სოფელ პვანიში წლებია მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლის. მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და სიახლეების დანერგვის შედეგად მისმა რამდენიმე მოსწავლემ საერთაშორისო კონკურსებში გაიმარჯვა, რის გამოც ის „მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის“ ტიტულის მფლობელი მიმდინარე წლის მარტში გახდა.
ღონისძიება საუდის არაბეთში გაიმართა და თაბაჩის ჯილდოს სახით 1 მილიონი აშშ დოლარი გადასცეს, რაც მან ქველმოქმედებას მოახმარა.
აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეების 90% უკიდურესად ღარიბი ოჯახებიდან არიან და ისეთი პრობლემები აწუხებთ, როგორიცაა არასრულწლოვანთა ორსულობა, ადრეული ქორწინება და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. ამასთანავე, რეგიონში წყლის უკმარისობა, არასათანადო კვება და გაუმართავი ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
თუმცა, მიუხედავად ამ პრობლემებისა, თაბიჩის დაუღალავი შრომის შედეგად მისი მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩევიან.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესის 80% ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. მართალია სკოლას დაბალი სიჩქარის ინტერენტი აქვს, მაგრამ თაბიჩი ინტერნეტ-კაფეების მეშვეობით მასალას წინასწარ ამზადებს და საკუთარ კომპიუტერში ტვირთავს.
„მე კარგად მესმის ჩემი მოსწავლეების. ისინი იმავე გამოწვევების წინაშე დგანან, რომელიც ერთ დროს მე მქონდა და ჩემი ბავშვობა მახსენდება. სკოლაში მისასვლელად ყოველდღიურად 7 კილომეტრის გავლა მიწევდა და ახლა ჩემი მოსწავლეებიც ამ გზას გადიან. მე ყველანაირად ვცდილობ, მათ მოტივაცია არ დაკარგონ“-აცხადებს ის.
პეტერ თაბიჩი თავისი შემოსავლის 80%-ს ქველმოქმედებაში ხარჯავს. ამ დროისათვის მან უკვე შეძლო და რამდენიმე საკლასო ოთახი ააშენა. მომავალში ის სკოლაში წყლის შეყვანასა და საკლასო ოთახების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას აპირებს.