ბაკურიანში სასტუმრო ნომრების 70-100% უკვე დაჯავშნილია - როგორ ხვდება კურორტი ზამთრის ტურისტულ სეზონს

ბაკურიანში მდებარე სასტუმროების ნაწილში ნომრების 70%-დან 100%-მდე უკვე დაჯავშნილია. როგორც ადგილობრივ სასტუმროებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ჯავშნების დაახლოებით, 80% უცხოელ ტურისტებზე მოდის, თუმცა წელს რუსები არც აქ გამოჩენილან. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ბიზნესი ამბობს, რომ მოლოდინები ოპტიმისტურია და დამსვენებლების ნაკლებობას არ უჩივიან.

რაც შეეხება ფასებს, სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გასული წლის ანალოგიურია.

ცნობისთვის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორამციით, ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება. ამასთან, ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

„ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მოგეხსენებათ, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. ასევე, იგეგმება დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც შედის გათოვლიანების სისტემები, წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის. ამასთან, ბაკურიანში დიდველზე 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა ძველი გონდოლის საბაგიროზე და შედეგად ძველი საბაგირო დაახლოებით საათში 350-400 კაცით მეტს გაატარებს, რაც რიგებს მნიშვნელოვნად განტვირთავს,“ - აღნიშნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თაზო გამცემლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ფასებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქცია და 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება სეზონური აბონიმენტები. შესაბამისად, წინა წლის ზამთრის სეზონთან შედარებით, ფასების რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

სასტუმრო „კრისტალის“ ადმინისტრაცია - „ჩვენთან ჯავშნები დაწყებულია. ამჟამად უკვე დაახლოებით, 50%-ანი დატვირთვა გვაქვს. თუმცა, საახალწლო პერიოდს თუ ავიღებთ, ნომრების 70% დაჯავშნილია. აქედან დიდი წილი უცხოელ ტურისტებზე მოდის, თუმცა რუსეთის მხრიდან ძალიან შემცირებულია, ფრენების არარსებობის გამო.

ვფიქრობ, ამ სეზონზე რუსი ტურისტები აღარც დაგვემატებიან, რადგან როგორც იცით, ჯავშნები დაახლოებით, 2 თვით ადრე იწყება და აქამდე გამოჩდებოდნენ“.

ნომრების 90% უკვე დაჯავშნილია „ვილა პალასშიც“. როგორც სასტუმროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, აქაც ჯავშნების უმრავლესობა უცხოელ ტურისტებზე მოდის.

„ნომრების 90% უკვე დაჯაშვნილია, რომლის ძირითადი ნაწილი უცხოელ ტუსტებზე მოდის. თუმცა, მათ შორის რუსი ტურისტების არ არიან. ზოგადად, ჩვენ რუსები იშვიათად გვსტუმრობდნენ, ძირითადად, უფრო აზერბაიჯანი, სომხეთი ჭარბობს ხოლმე და წელსაც ასეა. რაც შეეხება სეზონს, სტანდარტულად მიმდინარეობს, ისევე როგორც გასულ წელს. დამსვენებლების ნაკლებობას არ განვიცდით“,- აცხადებენ „ვილა პალასში“.

ახალი წლის პერიოდი მთლიანად დაჯავშნილია სასტუმრო The Villey residenses & spa-შიც. როგორც სასტუმროში „ ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ნომრების 80% უცხოელ ტურისტებზე მოდის, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეები არ არიან.

„ჩვენთან ახალი წლის პერიოდი, კეძოდ, 27 დეკემბრიდან ნომრების 100% დაჯავშნილია. აქედან 80% უცხოელ ტურისტებზე მოდის. მათ შორის რუსები არ არიან. თუმცა გასულ წლებშიც არ ყოფილან ბევრი. ფასები შარშანდელის ანალოგიურია, არ გაძვირებულა.

რაც შეეხება მოლოდინებს, კარგი განწყობით ვართ და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის“,- აცხადებენ The Villey residenses & spa-ში.

ნინი ქეთელაური