კახეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ტური გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, რომელიც კულინარიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროექტს აგრძელებს, რიგით მეორე გასტრონომიული ტური სამეგრელოს შემდეგ კახეთში გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ცნობით, პროექტის მიზანია სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

ტური საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიულ ტურში ცნობილი 8 შეფ-მზარეული მონაწილეობდა.

კერძების მომზადების გარდა ტურის ფარგლებში შეფ-მზარეულები, სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად კახეთისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ტურის მონაწილეებმა ღვინის ეზო N1- და ლაგოდეხის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლაგოდეხის ვილა“ დაათვალიერეს, ახმეტაში კი საოჯახო მარანს ესტუმრნენ.

ადგილობრივი მზარეულების დახმარებით ტურის ფარგლებში შეფ-მზარეულებმა ნაკლებად პოპულარული კახური ტრადიციული კერძები მოამზადეს.

„გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „გასტრო ტური“ დაიწყო. რიგით მეორე ტური სამეგრელოს შემდეგ კახეთში ჩატარდა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ წამყვანი შეფ-მზარეულები, ასევე მედიის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში შეფ-მზარეულები კულინარიის მიმართულებით კახეთში ტრადიციულ კულტურას და კულინარიას გაეცნენ, რომლის ინტეგრირებაც ახალ თანამედროვე რესტორნებში მოხდება. ეს მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტია რეგიონისთვის, რადგან ერთის მხრივ ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესების განვითარებას და მეორე მხრივ მოხდება ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის პოპულარიზაცია და პოზიციონირება კულინარიული მიმართულებით“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.