გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისის (რომი) ორგანიზებით, თბილისში, რეგიონული სამუშაო შეხვედრა თემაზე: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გამჭვირვალობის მოთხოვნები სოფლის მეურნეობასა და თევზის მრეწველობაში“ გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა. ღონისძიებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წარმომადგენელი დივაკარ დიქსიტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები აჰმად მუხტარი, მარსიო კასტრო დე სოზა და ირინა კობუტა უძღვებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, დარგის ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს ის ახალი წესები, მიდგომები და ინსტრუმენტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და თევზის მრეწველობის სუბსიდირების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ WTO-ს წევრი ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, უკრაინა) და WTO-ს წევრობის კანდიდატი ქვეყნების (ბელორუსი და უზბეკეთი), WTO ნოტიფიკაციის ეროვნული უწყებების და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და თევზის მრეწველობის რეგულირების სფეროში ნოტიფიკაციების მომზადებაში.
შეხვედრა გაიმართა FAO-ს რეგიონული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და საბაზრო ინტეგრაციის გაუმჯობესებას. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას, ასევე გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.