სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დიდი ოდენობით თავისუფალი თანხებია,ბრომელსაც მერია არ იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებია განსახორციელებელი.
აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გორის მერია აღნიშნულ წლებში თანხებს არაეფექტიანად იყენებდა.
კერძოდ, სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 3,066.6 ათასი ლარის ოდენობის თავისუფალი ნაშთი იყო, რომელიც წინა ორი წლის განმავლობაში დაგროვდა.
"მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები. თუმცა ვერ უზრუნველყო თანხების გამოყენება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, ასევე დაუსრულებელი და დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დასრულებისათვის. შედეგად არსებული ფულადი სახსრები გამოიყენება არაეფექტიანად",-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.