საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი, მათ შორის EBRD-ის მიერ დაფინანსებული პროექტები. აღინიშნა, რომ საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამაგალითო პარტნიორია და ამას ადასტურებს ისიც, რომ ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი აქვს.
„ხაზი გაესვა EBRD-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას როგორც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ასევე - რეფორმების მხარდაჭერის პროცესში. კერძოდ, აღინიშნა ფინანსური ინსტიტუტის როლი ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში, რომელიც აქცენტს განახლებად ენერგიაზე აკეთებს.
საუბრისას, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც შესაძლოა, EBRD-მა მომავალში მხარი დაუჭიროს.
შეხვედრაში, რომელიც ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სათავო ოფისში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.