„ასტონ მარტინის“ პირველი SUV ქალთა გულების მოგებას ეცდება

ჯეიმს ბონდის ავტომობილების მწარმოებელი ახალ ცხოვრებას იწყებს - „ასტონ მარტინმა“ თავის ისტორიაში პირველი უგზოობის მოდელის, DBX-ის წარმოება დაიწყო. კომპანიას იმედი აქვს, რომ ამ ავტომობილის დახმარებით, გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის და ფინანსურ პრობლემებს დაძლევს.

ამასთან, ბრიტანული კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ავტომობილი სუსტი სქესის მყიდველთა მოზიდვაშიც დაეხმარება. ამჟამად მისი გაყიდვების დაახლოებით 10 პროცენტი მოდის ქალებზე. კომპანიას სურს, რომ ეს მაჩვენებელი სულ ცოტა, გააორმაგოს.

„ასტონ მარტინის“ მთავარი აღმასრულებელი ენდი პალმერი ამბობს, რომ DBX-ის შემუშავებისას, ინჟინრები პირველ რიგში, ქალთა სურვილებს ითვალისწინებდნენ. ამ სურვილთა დასაფიქსირებლად, კომპანიამ ქალ მრჩეველთა სპეციალური ჯგუფიც კი ჩამოაყალიბა. „ჩვენ მხედველობაში გვქონდა, რომ ეს ავტომობილი პირველ რიგში, ქალ მომხმარებელთა სურვილებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - ამბობს პალმერი.

ბრიტანული კომპანია DBX-ის წარმოებას უელსში, მომავალ წელს დაიწყებს. მისი მეშვეობით, გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 6 000-ს მიაღწევს, რომელთაგანაც 5 000 ქროსოვერი იქნება, რომლის ფასიც ბრიტანულ ბაზარზე 158 ათასი სტერლინგიდან იწყება.

„ასტონ მარტინ DBX“ აღჭურვილია AMG-ს წარმოების 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც ორი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 542 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 9-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისია მუშაობს, რომელსაც მომენტის გარდაქმნის ფუნქციაც აქვს. მამოძრავებელი ძალა ყველა ბორბალს, აქტიური დიფერენციალების გავლით გადაეცემა. მათ შორისაა ცენტრალური აქტიური დიფერენციალი და უკანა, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი.

ამ წყვილის დახმარებით, სრულ ამძრავიან სუპერ SUV-ს ადგილიდან ასის მისაღწევად 4.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 291 კილომეტრს აღწევს.