ბუდაპეშტი ევროპის ყველაზე ლამაზ ზამთრის ქალაქად დასახელდა - რა უნდა ვნახოთ უნგრეთის დედაქალაქში

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ევროპის ყველაზე ლამაზ ზამთრის ქალაქად დასახელდა. ბოლო წლების განმავლობაში ბუდაპეშტი შობისა და ახალი წლის შესახვედრად ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად იქცა, რის გამოც აქ ათასობით ტურისტი ჩამოდის. ქალაქის ტრადიციული არქიტექტურა და საახალწლო მორთულობა ტურსიტებში საახალწლო განწყობილებას ამაღლებს.

CNN გვთავაზობს საუკეთესო ადგილებს, რომლებიც ახალი წლის პერიოდში ბუდაპეშტში მოგზაურობისას უნდა მოვინახულოთ:

საშობაო ბაზრობა

ყოველწლიურად ნოემბრიდან იანვრის პირველ ნახევრამდე ბუდაპეშტის ცენტრში, წმინდა სტეფანის მოედანზე საშობაო ბაზრობა ეწყობა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. აქ უამრავ უნგრულ ნაციონალურ კერძსა და ტკბილეულს შეხვდებით. ამასთანავე ბაზრობაზე საახალწლო დეკორაციები და ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი.

ბუდაპეშტის პარკის საციგურაო მოედანი

ბუდაპეშტის პარკის საციგურაო მოედანი ზამთრის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სახალისო გასართობს წარმოადგენს. საციგურაო მოედნის ადგილას პატარა ტბაა, რომელიც ზამთარში იყინება. პირველად საციგურაო მოედანი 1870 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ახალი წლის უმთავრეს სიმბოლოდ იქცა.

სპა და თერმული წყლები

ბუდაპეშტში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ადგილობრივ აბანოებს. მხოლოდ ბუდაპეშტში 118 ბუნებრივად თერმული წყაროა, რის გამოც მას „სპა ქალაქს“ უწოდებენ. ამასთანავე უნგრული აბანოები ერთმანეთისგან ფუნქციებითა და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა.

უნგრეთის ოპერა

უნგრეთის ოპერა ქვეყნის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ის 1884 წელს აშენდა და მას შემდეგ ქვეყნის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროისათვის ოპერის შენობაც რესტავრაციას უკეთებენ და ტურისტებისათვის ღია მხოლოდ მისი ნაწილია.

საშობაოდ მორთული ტრამვაი

ყოველწიურად ახალი წლის პერიოდში უნგრეთის ქუჩებში 39 000 ნათურით მორთული ტრამვაი გადაადგილდება. ამ ტრადიციას 50 წლის ისტორია აქვს. თანაც, იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მორთული ტრამვაით შემოვლა გაქვთ გადაწყვეტილი, დამატებითი საფასურის გადახდა არ დაგჭირდებათ და შეგიძლიათ სტანდარტულ ფასად 380 უნგრულ ფორინტად (1.35 აშშ დოლარი) გადაადგილდეთ.

გასერინება მდინარე დანუბეზე

მდინარე დანუბე ბუდაპეშტის მთავარ არტერიას წარმოადგენს. ის გერმანიიდან იღებს სათავეს და შავ ზღვაში ჩაედინება. მდინარეზე ნავით გასეირნება ტურისტების საყვარელს წარმოადგენს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. თქვენ შეგიძლიათ ქალაქის მთავარი კულტურული ღირსშესანიშნაობები ნავიდან დაათვალიეროთ. ნავის ბილეთი 3 800 ფორინტი (13.5 აშშ დოლარი) ღირს.

ანდრაშის გამზირი

ანდრაშის გამზირი ბუდაპეშტის ყველაზე ცნობილი და მთავარი ქუჩაა. აქ ყველაზე ცნობილი ბრენდების მაღაზიები მდებაროებს. ამასთანავე გამზირი საახალწლო განათებებითა და დეკორაციებითაა მორთული.

ბუდას ციხესიმაგრე და ვარკერტის ბაზარი

ბუდას ციხესიმაგრე საუკუნეთა განმავლობაში უნგრეთის სამეფო ოჯახის სამყოფელს წარმოადგენდა. სასახლესთან ახლოს ვარკერტის ბაზარი მდებაროებს, რომელიც ხელოვნების ნიმუშებითა და არქიტექტურით გამოირჩევა.

უნგრეთის პარლამენტი

და რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზ ლამაზ შენობად აღიარებული უნგრეთის პარლამენტი. პარლამენტი გოთიკური და რენესანსული სტილების საინტერესო ნაზავს წარმოადგენს. მასში სულ 691 ოთახია. მისი მონახულება 3 200 ფორინტად (10 აშშ დოლარი) შეგიძლიათ.

ბექა ბერიაშვილი