Victoria’s Secret-ის წლის ჩვენება ოფიციალურად გადაიდო

კომპანიამ L Brands, რომელსაც თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი Victoria’s Secret ეკუთვნის, ოფიციალურად გადადო შოუ-ჩვენება, რომელსაც ყოველწლიურად მართვადა. აღნიშნულის შესახებ Business Insider-ი კომპანიის ფინანსურ დირექტორზე სტიუარტ ბურდგოფერზე დაყრდნობით წერს.

ფინანსურმა ხელმძღვანელმა ამის შესახებ განცხადება ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შოუ Victoria’s Secret ნამდვილად იყო ცნობილი მარკეტინგული მოვლენა, თუმცა ბოლო წლებში ის გავლენას ვერ ახდენდა გაყიდვების ზრდაზე.

ხმები შოუს გადადების შესახებ ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა, მაშინ როცა ბრენდის ერთ-ერთმა მოდელმა შანინა შეიკმა მედიასთან კომპანიის გეგმებზე ისაუბრა. მაშინ L Brands-ს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აცხადებდნენ, რომ რაღაც ცვლილებები მზადდებოდა.

Victoria’s Secret გასულ წელს კრიტიკის ობიექტი გახდა მისი „ანგელოზებად“ წოდებული მოდელების რეალური ცხოვრებიდან ზედმეტად მოწყვეტის გამო. ამან სატელევიზიო შოუს რეიტინგზე იმოქმედა და ვერ მოახდინა გავლენა კომპანიის გაყიდვების ზრდაზე. ამის გამო 2019 წელს კომპანიიდან წავიდა მარკეტინგის დირექტორი ედვარდ რაზეკი.

ახლა ბრენდი პოზიციონირების შეცვლას აპირებს და ამისათვის სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოდელების ჩართვას გგემავს, ასევე აპირებს იპოვოს განვითარების ალტერნატიული გზა.

კოკა კვირკველია