თბილისში გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მოხდა.
„თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ვარკეთილის რაიონში, ერთ-ერთი მისამართიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი ცეოზე იყო. მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. თუმცა, აღმოჩნდა რომ გაქირავებულ ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადაურჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზიც ეს ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა.
ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა, მოგვიანებით იგივე დანადგარი თვითნებურად დააერთეს ქსელზე.
სტატისტიკურად მოწამვლის და გარდაცვალების 70 პროცენტი გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება, სადაც ბინის მეპატრონეები არ იცავენ გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს და გასაქირავებელ ბინაში მკველ ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ კატეგორიულად გაფრთხილებთ - ღია წვის კამერიანი დანადგარები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის! გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და თვითნებურად არ დააერთოთ ჩახსნილი დანადგარები. ხშირად გაანიავეთ ფართი და არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.
#არგარისCO
CO (ცეო) კლავს!