ლოტკინის აღმართზე, ცინცაძის ქუჩას თუ აუყვებით, ბოლო სახლის ჭიშკრის შეღებისას მოულოდნელად ქალაქისთვის უჩვეულო სილამაზის წალკოტში ამოყოფთ თავს.
აქაურებისთვის ეს ადგილი ფაცო პაპას ბაღად არის ცნობილი. "ყველაზე გემრიელი ხილი ფაცო პაპას აქვს", "ყველაზე ლამაზი ყვავილებიც ფაცო პაპას მოჰკითხეთ", "ეგეთი იშვიათი ნერგი ფაცო პაპას თუ ექნება"... - ხშირად მოისმენთ ლოტკინელებისგან. ფაცო პაპას ბაღში მისმა ვაჟმა და ტრადიციების გამგრძელებელმა გელა დათუაშვილმა მიმიყვანა, რომელიც მამის კვალდაკვალ უკვე მრავალი წელიწადია ამ ბაღს უვლის. ამჯერად ბაღში 200-მდე სახეობის ყვავილი, ხე, კენკრა თუ დეკორატიული მცენარე ხარობს. ბედმა გამიღიმა, რომ ამ სილამაზეში ყველაზე ხვავიან წელიწადის დროს მომიწია სტუმრობამ.
ფაცო პაპა ღიმილით შემხვდა, მოვხუცდი, მუხლი ძველებურად ვეღარ მიჭრისო, ხელში მომარჯვებულ საგანზე მიმანიშნა, რომელიც მისთვის თოხიც არის და დასაყრდნობიც. რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლიაო და, ქოლგასავით გაშლილი უზარმაზარი თუთის ძირას მაგიდისკენ მიმიძღვება. გზად ბაღს მათვალიერებინებს.
ფაცო პაპა: - აქეთ ყვავილები მაქვს. ამას უყურე, ძაღლის ენა ჰქვია, ხომ მართლა ჰგავს? აქ ჯუჯა მცენარეები, ჯუჯა ვაშლი და მსხალია. კაკალი ვერ ვარგობდა, გელამ გადაჭრა და ძირზე ორი სხვადასხვა ჯიშის კაკალი დაამყნო. ორივემ იხარა. აბა, გამოიხედე, ოქროსფერი ჟოლო გინახავს?
- არა, არც გამიგია.
- გაგასინჯებ, წითელზე გემრიელია. ამის ნერგს დიდხანს ვეძებდი. ჟოლო ჩვენში ადვილად ხარობს, მაგრამ ოქროსფერს, ზოგი "ციმბირულ ოქროსფერს" რომ ეძახის, დიდხანს ვეძებდი. უკვე 2 რიგი გავაშენე. ჩვეულებრივზე არომატულია, ყინვასაც კარგად უძლებს. აგერ ნოემბერია და ისევ ნაყოფს იძლევა. თითო ჯერზე 3 კგ-მდე ვკრეფ. ამისგან იმისთანა მურაბა გამოდის. უებარია, გაცივებისას და გრიპის დროს. ამას წინათ ნათესავმა უცხოელები მომიყვანა. გალაღდნენ, ისიამოვნეს. ამ ჟოლოზე მკითხეს, ასეთი ტკბილი როგორააო. ხუმრობა მიყვარს და ავუხსენი, მორწყვის შემდეგ ძირში ტომრით შაქარს ვუყრი-მეთქი. მიწასთან კავშირი მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ასეთი ხუმრობები არ დაიჯერო, იმიტომაც, რომ სულ სხვა ენერგეტიკა აქვს მიწისა და ადამიანის კავშირს, ნებისმიერი სტრესის წამალია.
კიდევ მაქვს დეკორატიული კომბოსტო და პამიდორი. ყავის ხეც გავახარე. ნელა იზრდება, 10 წელი დასჭირდა ნაყოფის გამოსასხმელად, ბროწეულმა კი შარშან მომცა ნიშანი და წლეულს მშვენივრად მოისხა.
- ესეც არ არის ჯერ მწიფე.
- მაგაზე მწიფე როგორღა იქნება, თეთრი ბროწეულია, ამითაც ვაკვირვებ ჩემს სტუმრებს.
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 25 ნოემბრის ნომერში