აჭარაში გიდებისთვის საინტერესო ტრენინგები იწყება

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი და დამწყები გიდებისთვის ახალ სატრენინგო პროგრამას იწყებს. ბათუმის ცნობილი შენობები, ეზოები და მათი ისტორიები, ბათუმი კინოში, ბათუმი და პიროვნებები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია ის ძირითადი თემებია, რომლის თეორიულ-პრაქტიკულ ლექციებზე დასწრებაც გარდა გიდებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტურიზმის დეპარტამენტში შეეძლება.

ტრენინგის თემები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედი გიდების გამოკითხვის შედეგად შეიმუშავა. მასზე დასწრების მსურველებს კი რეგისტრაციის გავლა ონლაინ შემდეგ ბმულზე https://cutt.ly/ceCp6uZ შეუძლიათ. სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები, უფასოა.

პარალელურად იწყება ინგლისური ენის კურსების ახალი ეტაპი მაჭახელას, გოდერძისა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჭახელაში ენის კურსის პირველი, კურორტ გოდერძიზე მესამე, ხოლო სახალვაშოში მეორე ეტაპი. დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება.