2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში ერთმა მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა

2019 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ამასთან, საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 526.6 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 417.7 ათასი ტურისტული და 281.8 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 61.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 33.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, 29% უცხოეთში საყიდლებზე გავიდა, 18%-ის მოგზაურობის მიზანს პროფესიული საქმიანობა წარმოადგენდა, 2,9% კი მკურნალობისთვის გავიდა. ამასთან, საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში უცხოეთში დასვენება-გართობისთვის მხოლოდ 12,8% გავიდა.