აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 278 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, შორაპანსა და არგვეთას შორის დაახლოებით 30კმ სიგრძის მთავარი და მეორადი მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთების ასაშენებლად და რეაბილიტაციისთვის, რაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მეორე დერეფნის ნაწილია, საქართველოს ეკონომიკის სასიცოცხლო არტერიაა. ის ქვეყნის საერთაშორისო საგზაო ქსელის 30%-ს წარმოადგენს, ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის 60%-ის გამტარია და დღეში დაახლოებით 13,000 მანქანას ემსახურება. საგზაო ქსელი მთავარი რგოლია საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად დასამკვიდრებლად ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის ვაჭრობისა და კომერციისთვის და ასევე საქართველოს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად ჩამოსაყალიბებლად.