თბილისში, „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, Accor Hotels ჯგუფის სასტუმრო - „ibis Tbilisi Stadium” გაიხსნა.
„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, 150-ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ტურისტულ და კულტურულ ცენტრში - აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მზადაა სტუმრების მისაღებად.
„ეკონომ-კლასის სასტუმრო Accor Hotels ჯგუფის რიგით მესამე სასტუმროა თბილისში. მისი დიზაინი სტუდია „Sundukovy Sisters“-მა შეიმუშავა და ის თანამედროვე და ნათელი გარემოს კონცეფციაზეა დაფუძნებული. სასტუმრო მომხმარებლებს საქმიანი შეხვედრების და მოსასვენებელ სივრცეებს, ადგილობრივ მოსახლეობას კი, საჯარო სივრცეებს სთავაზობს.
„მოხარული ვართ, რომ თბილისში რიგით მესამე სასტუმრო გავხსენით. „ibis Tbilisi Stadium“ მოსახერხებელია, როგორც ტურისტებისათვის, ასევე ქალაქის საქმიანი ვიზიტორებისათვის. მომგებიანი ადგილმდებარეობა და მყუდრო გარემო სტუმრებისათვის სასიამოვნო გამოცდილებას შექმნის. ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია კი აუცილებლად გახდება ბაზარზე სასტუმროს მთავარი კონკურენტული უპირატესობა“, – აღნიშნავს Accor Hotels ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ალექსის დელაროფი.
„თიბისი ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. „თიბისის“ ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ, სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.
ფრანგული Accor Hotels ჯგუფი სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა, რომელიც 50 წელია 110 ქვეყანაში 4900 სასტუმროსა და 10 000 აპარტამენტს აერთიანებს.
Accor Hotels ჯგუფის სასტუმროების ბრენდი - Ibis 1974 წელს დაარსდა და ევროპის ბაზარზე ბიუჯეტური სასტუმროების ლიდერად იქცა. ქსელი მსოფლიოში გარემოსდაცვითი კონცეფციითაა ცნობილი და მომხმარებლებს თანამედროვე გარემოს, კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.