ბიზნესომბუდსმენი დამსაქმებელთა ასოციაციისა და მწარმოებელთა ფედერაციის წევრებს შეხვდა

22 ნოემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, ასევე, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წევრებსა და ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

დამსაქმებელთა ასოციაციის ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო, რომ ბიზნესომბუდსმენს უშუალოდ მეწარმეებისგან მოესმინა როგორც ინდივიდუალური, ისე სექტორებში არსებული პრობლემური საკითხები და დაესახათ სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივები.

ომბუდსმენმა ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობის შესახებ განაცხადა და საკუთარი ხედვები წარადგინა შეხვედრაზე გაჟღერებული კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ძირითადი აქტუალური პრობლემები, რომელთა შესახებაც ბიზნესმენებმა ისაუბრეს, შეეხებოდა ადგილობრივ წარმოებაში არსებულ გამოწვევებს, იმპორტ-ექსპორტის საკითხებს, სურსათის უვნებლობას, ეკონომიკურ თავისუფლებას და სხვა.

„საქართველოში ყველაზე მეტი პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს და სწორედ მათ სჭირდებათ ისეთი ინსტიტუტის მხარდაჭერა, როგორიცაა ბიზნესომბუდსმენის აპარატი. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ბიზნესომბუდსმენი დაინტერესებულია მათთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს და ამისი ნათელი მაგალითია ეს შეხვედრაც. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შორის ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იქნება,“- განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

შეხვედრა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.