ლონდონის ხელისუფლებამ Uber-ს ლიცენზიაზე უარი უთხრა

ლონდონის სატრანსპორტო სამსახურმა ტაქსის გამოძახების სერვის Uber-ზე ლიცენზია არ გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში Uber-ს ლიცენზია ჯერ კიდევ 2017 წელს გაუუქმდა. ლონდონის ხელისუფლებამ ამის მიზეზად მაშინ მგზავრთა უსაფრთხოება დაასახელა. Uber-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დროებითი ლიცენზია 2019 წლის 25 ნოემბრამდე მიიღო.

სატრანსპორტო სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ ორ წელიწადში კომპანიამ გარკვეული პრობლემები გადაჭრა, მაგრამ რეგულატორი ”დარწმუნებული არ არის, რომ მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ გამოჩნდება”.

”ამან მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ კომპანია ამჟამად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს”, - აღნიშნა რეგულატორმა.

ლონდონის სატრანსპორტო სამსახურის ლიცენზირების ხელმძღვანელმა ჰელენ ჩეპმანმა თქვა, რომ Uber– ის მთავარი საჩივარი კვლავ მგზავრთა უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ Uber-ს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება 21 დღის განმავლობაში შეუძლია.

ტაქსის გამოძახების სერვისი Uber-ი ამერიკული კომპანიაა და მსოფლიოს 570 ქალაქში ოპერირებს. თავად ლონდონი Uber- ის ერთ–ერთი მთავარი ბაზარია, სადაც დაახლოებით 45 000 ლიცენზირებული მძღოლი მუშაობს.