ნათია თურნავა - ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია

ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში საბერძნეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა საზღვარგარეთ და სასიხარულოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ათასობით ჩვენი მეზღვაური მსახურობს. მინისტრის განცხადებით, პროფესიონალ, მამაც ქართველ მეზღვაურებზე საზღვარგარეთ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

„ასამბლეის ფარგლებში ათამდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს ვხვდები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თავიანთ ქვეყნებში საზღვაო ინდუსტრიაზე. ყველა შეხვედრაზე საუბარი მაქვს, თუ როგორც შევუწყოთ ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმებას მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს ბრაზილიის საზღვაო ადმინისტრაციასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს დაშვება ჰქონდეთ ბრაზილიის დროშით მცურავ რვაასამდე გემზე.

„ასევე ვხვდებით და ვაღრმავებთ ურთიერთობას გერმანიის საზღვაო ასოციაციასთან, გერმანული დროშით მცურავ სამი ათასზე მეტ გემზე მსახურობენ უკვე ჩვენი მეზღავურები. თუმცა, გვინდა, კიდევ უფრო მეტი მეზღვაური დასაქმდეს. ეს ნაბიჯები მიმართულია ჩვენი მეზღვაურების უკეთესი დასაქმების პირობებისკენ და უფრო ფართო დასაქმებისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“, - განაცხადა ნათა თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში იწყება ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფართოების და ფოთში მისი ფილიალის გახსნის პროექტი.

„ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი მეზღვაურების მომზადების, გადამზადებისა და ტრენინგების პლატფორმა და კიდევ უფრო მეტი მაღალკვალიფიციური მეზღვაური დავასაქმოთ საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.