„საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტსა და საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.
ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განსავითარებლად საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ USAID-ის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით შემუშავებული კანონპროექტების განხილვა იყო, რამაც ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა უნდა უზრუნველყოს.
შეხვედრა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებითა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.
უწყების ცნობით, "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება, მიზნად ისახავს საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის შესაბამისი წესების დადგენასა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენას.
კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირების, მართვის, შენახვის, ადმინისტრირების და აღრიცხვა-რეგისტრაციის საქმიანობაში.
შეხვედრა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტის ფარგლებში - "მონაწილეობითი საჯარო-კერძო დიალოგის განვითარება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის'' - ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.