„ნენსკრა ჰესის“ პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფომებაზე საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფომებაზე საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, „ნენსკრა ჰესის“ პროექტის გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად 2018 წლის ნოემბერში გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოეწერება ხელი. ტენდერში მონაწილეობის სურვილი 20-მდე კომპანიამ გამოხატა, რომელთაგანაც ტენდერის პირველ ეტაპზე შეირჩა 3 პრეტენდენტი: თურქული ENKA-ს და კორეული Daelim-ის კონსორციუმი, თურქული Nurol-ისა და ესპანური Cobra-ს კონსორციუმი და თურქული კომპანია Limak-ი. ტენდერის მეორე ეტაპზე თურქულმა Limak-მა კონსორციუმში პარტნიორად კორეული კომპანია Hyundai E&C წარადგინა. Limak-ის და Hyundai E&C-ს კონსორციუმს, რომელშიც Limak-ი ძირითადი პარტნიორია, საუკეთესო საფასო შეთავაზება აქვს და სწორედ მათთან დასკვნითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, Hyundai Engeneering & Construction 1947 წელს დაფუძნებული კორეული საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა. 2018 წელს კომპანიის შემოსავალმა 14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე "ნენსკრა ჰესის" მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.