პოლონეთმა ოქროს რეზერვების ნახევარი ბრიტანული საცავებიდან ეროვნულ საცავებში დააბრუნა

პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა დაასრულა ბრიტანეთის საცავებიდან ოქროს რეზერვების ნაწილის, თითქმის 100 ტონა ოქროს საკუთარ საცავებში გადმოტანის პროცედურა. ეს ქვეყნის ოქროს რეზევრის ნახევარია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ადამ გლაპინსკიმ განუცხადა.

„ჩვენ დავასრულეთ ჩვენი ოქროს სამშობლოში დაბრუნების პროცედურა. ახლა ჩვენ საცავებში იმდენივე ოქრო გვაქვს, რამდენიც სხვა სამრეწველო და ცივილიზებულ ქვეყნებს. ოქროს ტრანსპორტირება მოხდა თვითმფრინავებით, ყველა უსაფრთხოების ზომის დაცვით“, - განაცხადა მან.

გლაპინსკის განცხადებით, ქვეყანა საკუთარ მარაგებს მოიხმარს საჭიროების მიხედვით. ქვეყანაში ტრანსპორტირებული ოქრო შეფასებულია 2,7 მილიარდ დოლარად.

ქვეყნის ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის ივლისში იტყობინებოდა, რომ ქვეყნის ოქროს მარაგები 2018-2019 წლებში 125,7 ტონით 228,6 ტონამდე გაიზარდა. დაახლოებით 100 ტონა ოქროს შენახვას პოლონეთი ბრიტანულ საცავებში გეგმავს.

კოკა კვირკველია