მთავრობა თამბაქოზე აქციზისა და შესაბამისად, ფასის ზრდას მწეველთა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს. თუმცა საკონსულტაციო კომპანია „ACT Impact” – ის მკვლევარები ამბობენ, რომ თამბაქოზე ფასის ზრდამ მწეველთა რაოდენობა თითქმის ვერ შეამცირა. კვლევაში წერია, რომ თამბაქოს გაძვირების გამო მხოლოდ 5.3%-მა დაანება თავი მოწევას.
კომპანიის წამყვანი ეკონომისტი, ლიკა გოდერძიშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მწეველთა თითქმის მესამედი, თამბაქოზე თავის დანებების ნაცვლად, ე.წ გასახვევ თამბაქოზე გადავიდა. მწეველთა 15% კი არ გამორიცხავს, მომავალში „თუთუნის“ მოხმარება დაიწყოს.
„კვლევამ გამოავლინა, რომ არამწეველების 67%-მა მოწევას თავი 2 წლის წინ დაანება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქცევაზე ახალ რეგულაციებს გავლენა არ მოუხდენია. თითქმის ყველამ, ვინც დაანება მოწევას თავი, ამბობენ, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რელიგია, ან შვილიშვილების თხოვნა იყო. თამბაქოზე თავის დანებება ფასების ზრდის გამო დაახლოებით 5%-ისგან იყო ნახსენები.
რაც შეეხება აქტიურ მწეველს, მათი მესამედი აქტიურად ეწევა გასახვევ თამბაქოს და ის, ვინც ჯერ არ ეწევა გასახვევ თამბაქოს, მათი 16% ფიქრობს, რომ მომავალში შესაძლოა, მისი მომხმარებელი გახდეს“, - განაცხადა "ACT Impact” – ის წამყვანმა ეკონომისტმა ლიკა გოდერძიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში კონტრაბანდის საფრთხეზე და აღნიშნა, რომ თამბაქოზე ფასის ზრდის მიზეზით საქართველოში წლიურად 10%-ით, მოიმატა თამბაქოს არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან. 34%-ით კი თურქეთიდან.
„კონტრაბანდული სიგარეტი დღეს დიდი პრობლემაა საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სიგარეტის ფასი გაცილებით ნაკლებია ჩვენთან შედარებით. ამას მოწმობს სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობაც, მაგალითად, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის მომატებული. ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა კი გაზრდილია 148%-ით.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი