საქართველოში შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა შეიქმნას. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში მოხვედრილ ადამიანებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა აკრძალებათ და ამ ტიპის თამაშობის ორგანიზატორებს ექნებათ ვალდებულება, რომ მოქალაქის მონაცემები აღნიშნულ ბაზაში გადაამოწმონ და აღმოჩენის შემთხვევაში პირი დაწესებულებაში არ შეუშვან.
„დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება, თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით.
ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება,”-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, თამაშზე დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა.
კანონპროექტის ავტორის შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.
ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.