საქართველოს აეროპორტებში ტურისტებს ღვინოს ისევ დაურიგებენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსული ტურისტები საჩუქრად საფერავის ღვინოს მიიღებენ.

„გამარჯობა ძვირფასო სტუმარო, ეს-ეს არის რაც ღვინის სამშობლოში ჩამოხვედი და უკვე იცი, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „გამარჯობაა.“ საქართველო კულინარიის სამოთხეა. აქ თქვენ გიმასპინძლებენ გულღია და დადებითი ემოციებით სავსე ადამიანები. „მასპინძლობა“ ჩვენი მეორე სახელია, ამის დასტურად გთხოვთ მიიღოთ პატარა საჩუქარი, როგორც წინასწარი ნიშანი განუმეორებელი მოგზაურობისა! გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას! შეხვედრამდე! პატივისცემით, საქართველო!” - ეს ტექსტია დატანილი ღვინის ბოთლზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად გადასცა.

„პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია საქართველოს პოზიციონირება, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, გარდა ამისა ღვინის ბოთლზე დატანილი მესიჯებით აქცენტი კეთდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა თავისი უნიკალური ტრადიციებით, კულტურით და კულინარიით.

საჩუქრის ეს ფორმა ორიგინალური გზავნილით, ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მოგზაურებს დადებით განწყობას უქმნის და სურვილს უჩენს საქართველოში კვლავ იმოგზაურონ და ქვეყნიდან წაღებული დადებითი ემოცია თავიანთ ახლობლებს გაუზიარონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან პოზიტიური კამპანია საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს სიმბოლურად გადავცემთ ქართულ ღვინოს, რომელზეც დატანილია ის ძირითადი მესიჯები, რომელიც სწორად წარადგენს ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობას, ვასწავლით სიტყვა გამარჯობას. მოხარულები ვართ, ამ კამპანიამ ტურისტებში ძალიან პოზიტიური ემოციები გამოიწვია, მათი თქმით, მსგავსი გამოცდილება არასდროს ჰქონიათ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვამელმა მარიამ ქვრივიშვილმა.