Google-მა მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკის დარღვევების გამო ოთხი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

Google-მა ორშაბათს ოთხი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკის „მკაფიო და განმეორებით დარღვევების“ გამო.

”ჩვენმა საფუძვლიანმა გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ჩართულნი იყვნენ სხვა თანამშრომლების მასალებისა და სამუშაოს სისტემატურ თვალთვალში. მათ შორის იკვლევდნენ და ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათი საქმიანობის ფარგლებს სცდებოდა“,-ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც „ბლუმბერგზე“ გამოქვეყნდა.

გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის ორმა თანამშრომელმა პროტესტი გამოთქვა, რომ მათ დოკუმენტებზე ხორციელდებოდა არამართებული წვდომა დამსაქმებლების მხრიდან.

ცნობისთვის, გასულ წელს Google-ი თანამშრომლების მიერ არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. მათ შორის იყო ცნობილი Google Walkout, როდესაც დასაქმებულებმა კომპანიაში არსებული სექსუალური გადაცდომების შესახებ ღიად ისაუბრეს. კომპანიის თანამშრომლებმა Google-ის მიერ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, მათ შორის შეერთებული შტატების სამხედრო უწყებასთან გაფორმებული კონტრაქტებიც გააპროტესტეს.

ავტორი: ნუკა კეკელია