"ოცნების" ხელისუფლება, რომელმაც 8 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვა ვერ მოახერხა, მიუხედავად არაერთი დანაპირებისა, აზარტულ თამაშებს ახალ გზას უხსნის. უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, მთავრობა, სანაძლეო თამაშების დაკანონებას გეგმავს.
ბოლო პერიოდში, პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერაძის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო დაასრულა, აქტიური საზოგადოებრივი მოძრაობა დაიწყო სახელწოდებით - არა აზარტულ თამაშებს! კამპანიას საზოგადოება შეუერთდა, თუმცა არც ერთი განცხადება არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან, რომ აზარტული თამაშების რამე ფორმით შეზღუდვას გეგმავს.
მიუხედავად არაერთი დანაპირებისა, 2013 წლიდან დღემდე, რომ რეკლამა შეიზღუდებოდა, კანონპროექტი უმრავლესობამ არაერთხელ ჩააგდო.
ამ ფონზე კი, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ზვიად კვაჭანტირაზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მთავრობა სანაძლეოს დაკანონებას გეგმავს.
„უმრავლესობა მილევად რეჟიმშია, მაგრამ მაინც გვანცვიფრებს გენიალური ინიციატივებით. აქეთ ვიბრძვით, რომ შევზღუდოთ კაზინოების მახინჯი ზეგავლენა საზოგადოებაზე, რასაც ეწინააღგმდეგებიან, მაგრამ ეს არ იკმარეს. ერთი დღე არ გვაძლევენ მოდუნების საშუალებას. ახლა, მეორე მხრივ განიზრახეს დერივატივების დაკანონება. ვისაც არ ესმის, მოკლედ განვმარტავ, რისთვის გვამზადებენ.
მთავარი პრობლემა ამ კანონპროექტში არის ის, რომ დერივატივის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობები თავისი ბუნებით წარმოადგენს სანაძლეოსმაგვარ თამაშობას. თამაშობა/სანაძლეო კი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. თავის დროზე, მიზეზი, რატომაც ეს ნორმა სამოქალაქო კოდექსში გაიწერა, იყო ის, რომ თამაშობის/სანაძლეოს დროს ვალდებულების წარმოშობა მთლიანად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, აგრეთვე ამ ვალდებულების წარმოშობის ბუნება ამორალურად მიიჩნევა.
კანონპროექტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებს ეძლევა უფლება დადონ დერივატივის შეთანხმება, გააკეთონ გარკვეული პროგნოზი და შესაბამისი თანხა განათავსონ ამ პროგნოზზე (მაგალითად, შეიძლება პროგნოზი დაიდოს, რომ მსოფლიო ბაზარზე 2022 წლის 1-ლი მაისისთვის ბენზინის ფასი დღევანდელ ფასთან შედარებით მოიმატებს 20%-ით ან ვთქვათ “ჩცდ”-ს დოჩი ალიშბაიას ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს დაარქმევენ ნორას).
კანონპროექტის მიღება ძალიან სარისკოა, ვინაიდან არაკეთილსინდისიერმა საჯარო მოსამსახურემ, ნებისმიერმა მინისტრმა, კანონმდებელმა და ა.შ.) შეიძლება სახელმწიფოს მძიმე ფინანსური ზიანი მიაყენოს, მაგრამ მას პირადად შეუძლია ამის ხარჯზე გამდიდრდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დერივატივის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს ფიზიკური პირიც. ძალიან დიდი რისკის მატარებელი იქნება სანაძლეო/თამაშობის მსგავს შეთანხმებებში ფიზიკური პირების ჩართვა. მათ ვერ დაიცავს სამოქალაქო კოდექსი, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით სანაძლეო/თამაშობის მოთხოვნის ამკრძალავი მარეგულირებელი ნორმები არ გავრცელდება დერივატივების შეთანხმებაზე.
გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ იგი გამომდინარეობს ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივიდან, თუმცა ეს დირექტივა ეხება მხოლოდ ფინანსური გირაოს საკითხებს. დირექტივა არ ეხება დერივატივის შეთანხმებებს. შესაბამისად, სახელმწიფოს დერივატივის ინსტიტუტის იმპლემენტაციის ვალდებულება არ აქვს.
დღემდე გვქონდა გაყიდული ფეხბურთის მატჩები, გაყიდული ლატარეები, გაყიდული სახელმწიფო მიწები და მერე მათზე ხელოვნურად ფასების აწევები და გადაცვლები ათჯერ უფრო ძვირადღირებულ ქონებაზე და ა.შ. ახლა რა შეიძლება კიდევ გვქონდეს საფიქრელად გაგვიხდება მალე”, – წერს კვაჭანტირაძე.
სპეციალისტები მთავრობას სწორედ აზარტული თამაშების ლობირების და ცუდი საკანონმდებლო ბაზის გამო აკრიტიკებენ წლების განმავლობაში. არაბუნებრივად მიიჩნევენ სექტორის ბრუნვის ზრდასაც.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი, ზურა კუკულაძე იმ დროს იხსენებს, როცა ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერი იყო და არაფერი გაუკეთებია სფეროს რეგულირებისათვის. აღნიშნულ თემას კი თითიდან გამოწოვილს უწოდებს.
,,რეგულაციები გაცილებით მრავალმხრივი და კომპლექსური უნდა იყოს აზარტულ თამაშებს როცა ეხება საქმე. დერივატივების ბაზარი გაცილებით მასშტაბური ბაზარია, ვიდრე ვინმე მის კონკრეტულ ჭრილში დანახვას ცდილობს. მესმის, რომ ეს ასპექტიც შეიძლება იყოს, მაგრამ პირდაპირი კავშირი ნამდვილად არ არის. არ შეიძლება ასეთი თემებით რეალური პრობლემების დაჩრდილვა ამ სფეროში. გაცილებით სერიოზულადაა გასააზრებელი, რასთან გვაქვს საქმე.
ბატონი კვაჭანტირაძე, მმართველი უმრავლესობის ლიდერი იყო და თუ ეს თემა ნამდვილად აწუხებდა, შეეძლო კიდეც არაერთი გზით მოგვარებაში ჩართვა. მას ჰქონდა ამის რესურსი, მაგრამ არაფერი გაუკეთებია მაშინ, როცა ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით რეალურ რეგულირებას. ახლაც არ შეიძლება ამ მეორეხარისხოვან თემებზე საუბარი და თემის ამ აქცენტებით დასმა. ძალიან საეჭვროა დერივატივების პირდაპირი კავშირი აზარტულ თამაშებთან”, - ამბობს კუკულაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან”.
კანონპროექტი რომ 2019 წელს უნდა განხილულიყო, თებერვალშივე იყო ცნობილი და იმ 10 ინიციატივის ნუსხაშიც მოხვდა, რომელიც ბიზნესთანაა კავშირიში. ჩამონათვალში მეორე ინიციატივა ასე იყო განმარტებული: ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ კანონპროექტი.
კანონპროექტი ითვალისწინებს ურთიერთგაქვითვის, ფინანსური გირავნობის და დერივატივის დადებისათვის აუცილებელი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, ფინანსურ ბაზრებზე განხორციელებული გარიგებებისთვის უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიის შეძენას და რეზიდენტებისთვის რისკების ჰეჯირების კომპლექსური მექანიზმების შეთავაზებას. საპროცენტო განაკვეთებს, სავალუტო კურსს, ნედლეულის და საკვების ფასებს, აქციებს, ყველას ახასიათებთ ფასების ცვალებადობა, რომელთა რისკების მართვისათვის აუცილებელია დერივატივების ბაზრის არსებობა.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"