დედაქალაქის მერიის ინიციატივით, შეიქმნება სპეციალური ფონდი, სადაც დეველოპერები თანხების აკუმულირებას მოახდენენ, რითაც „ცენტრ პოინტის“ მიერ აშენებული შენობების დასრულება მოხდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა საკრებულოში, დეველოპერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ თანხებს სამშენებლო კომპანიები გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ გაიღებენ, თუმცა ელოშვილის განცხადებითვე, „ეს პრეფერენციები არ დაამახინჯებენ ან რაიმე ზიანს არ მიაყენებენ დედაქალაქის სხვა ობიექტებსა და უბნებს”.
„ცენტრ პოინტის“ მთლიანი პრობლემა გავყავით ორ ძირითად ნაწილად. ერთი არის ჯერ არაშენებული კორპუსები და მეორე არის ის კორპუსები, რომლებიც ითვლება დასრულებულად და სადაც ცხოვრობენ ადამიანები, თუმცა იქ არის გაუსაძლისი პირობები. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზეთ დეველოპერებს, რომ გარკვეული პრეპერენციების სანაცვლოდ მოახდინონ თანხების აკუმულირება სპეციალურ ფონდში, რომელიც შეიქმნება და ამის შედეგად მოხდეს ამ შვიდი გაურემონტებელი ობიექტის დასრულება. ხოლო რაც შეეხება არაშენებულ ობიექტებს, ამაზეც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და შევთავაზეთ დეველოპერებს, რომ მიიღონ მონაწილეობა გარკვეული კონკურენციის პირობებში, რომ მათთვის მისაღები პირობებით მოხდეს ამ კორპუსების დასრულება.
ჩვენ გვაქვს შექმნილი კომისია, რომელსაც აქვს საშუალება, რომ იმ წესებიდან, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, გარკვეული გამონაკლისები დავუწესოთ იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მშენებლობაში ან გარემონტებაში. რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმ პირობებში, რომ ეს პრეფერენციები არ დაამახინჯებენ ან რაიმე ზიანს არ მიაყენებენ სხვა ობიექტებს და დედაქალაქის უბნებს”, - განაცხადა ელოშვილმა.