”ბარამბოს” ტკბილეული ერაყში

კომპანია ”ბარამბომ” თავისი პროდუქცია ერაყის ბაზარზე გაიტანა.

ქართული ტკბილეულის კომპანია ”ბარამბოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თაკო ნიბლაძის ინფორმაციით, კომპანიამ პროდუქცია ერაყში გაიტანა და რამდენიმე ხანში სრულად შეძლებს ბაზრის ათვისებას. ერაყის ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ”ბარამბოს” სხვადასხვა სახის ტკბილეული: კარამელი, შოკოლადის ასორტი, შოკოლადის კანფეტის ნაირსახეობა.

როგორც თაკო ნიბლაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ”ბარამბო” ინტენსიურად იღებს მონაწილეობას სხვადსხვა გამოფენებში. მისივე თქმით, 2014 წელს საერთაშორისო გამოფენა - “GULFOOD”-ზე დუბაიში, "ბარამბომ" დიდი დაინტერესება გამოიწვია და კომპანიას ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა მისცა. ნიბლაძის ინფორმაციით, კომპანია სხვა ქვეყნების ბაზარზე შესვლასაც გეგმავს: ”ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის აზერბაიჯანში, სომხეთში, ასევე აზიის და შუა აზიის ქვეყნებში შეტანას. რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, აქ ძალიან მაღალი კონკურენციაა, ამიტომ ევროპულ ქვეყნებში ექსპორტი ჯერ არ იგეგმება”.

კომპანია ”ბარამბო” საქართველოში 2009 წელს დაარსდა და დღეს უკვე მომხმარებელს ტკბილეულის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი, შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი. 2011 წლიდან კომპანიამ ნაყინის წარმოებაც დაიწყო.