"ბრაზილიასთან და გერმანიასთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმებს, რომლებიც ქართველ მეზღვაურებს 4000-მდე გემზე დასაქმების საშუალებას მისცემს"

„ქართველი მეზღვაურების დასაქმება სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჩვენი მთავარი ინტერესი და პრინციპული საკითხია, რომელზეც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვამახვილებთ ყურადღებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელი 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა IMO-ს გენერალურ დირექტორთან კიტაკ ლიმთან.

„გამოცდილ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურებზე გლობალურად დიდი საჭიროებაა, ხოლო საქართველო არის ქვეყანა, რომლის მამაცი, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადნი არიან. აქედან გამომდინარე, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ამაზე და გვინდა, კონკრეტულ ქვეყნებთან კონკრეტულ შეთანხმებებს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერა ბრაზილიასთან მემორანდუმს, რაც ქართველ მეზღვაურებს 900-მდე გემზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

მისივე თქმით, ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს გერმანიის საზღვაო უწყებასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს 3000-ზე მეტ გემზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

„დასაქმება, მათ შორის მეზღვაურების, ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.