2013 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და გამგეობებმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ სხვადასხვა კომპანიას, ჯამში, 235 ხელშეკრულება შეუწყვიტეს, 5 კომპანია კი „შავ სიაშია“ შეყვანილი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 10 გამგეობის მიერ 147 ხელშეკრულებაა შეწყვეტილი, აქედან მხოლოდ ორმა რაიონმა, კრწანისმა და ვაკემ ჯამში 5 კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა.
მერიამ და გამგეობებმა კომპანიებს ხელშეკრულებების ყველაზე დიდი ნაწილი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის და ვადების დარღვევისთვის შეუწყვიტეს, მათი ნაწილი დაჯარიმებულიცაა.
„ინტერპრესნიუსისთვის“ მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტმა 2013-დან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით 88 ხელშეკრულება შეწყვიტა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ერთიდაიგივე კომპანიას ხელშეკრულება რამდენჯერმე შეუწყდა, თუმცა, არცერთი კომპანია „შავ სიაში“ არ არის შესული.
რაც შეეხება თბილისის რაიონებს, კრწანისის რაიონის გამგეობამ ამავე პერიოდში 9 ხელშეკრულება შეწყვიტა. აქედან, 2019 წელს მხოლოდ ერთი ხელშეკრულებაა შეწყვეტილი და კომპანია შპს „კრწანისი გამწვანება“ „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი. კომპანიას ელექტრონული ტენდერის საშუალებით კრწანისის რაიონში სკვერების და გამწვანებული ტერიტორიებისთვის უნდა მოევლო, თუმცა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც, პირგასამტეხლო დაეკისრა და ხელშეკრულება შეუწყდა.
33 ხელშეკრულება აქვს შეწყვეტილი ვაკის რაიონის გამგეობას, საიდანაც 2019 წელს 3 ხელშეკრულება შეწყვიტა და კომპანიებს პირგასამტეხლო დააკისრა. 4 კომპანია „შავ სიაშია“ შეყვანილი, მათ შორის: შპს „ვეგა“ (2013 წელს, ორი ხელშეკრულება), შპს „კონსტრუქცია XXI”(2015 წელს); სსს“კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა“ (2017 წელს); შპს „ბალავარი“ (2018 წელს);
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გლდანის რაიონის გამგეობამ ზემოთაღნიშნულ პერიოდში 18 ხელშეკრულება შეწყვიტა. აქედან, 2019 წელს მხოლოდ ერთი ხელშეკრულებაა შეწყვეტილი.
12 ხელშეკრულება აქვს შეწყვეტილი დიდუბის რაიონის გამგეობას, აქედან 2019 წელს 4 ხელშეკრულება შეწყვიტა.
2013 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ისნის რაიონის გამგეობამ მხოლოდ ორი ხელშეკრულება შეწყვიტა - 2017 და 2019 წლებში. კერძოდ, გამგეობამ შპს „გრინ ვორლდ კონსტრაქშენ დეველოპმენტს“ ხელშეკრულება 2017 წელს, ხოლო ი/მ „ზაზა სულაძეს“ 2019 წელს შეუწყვიტა. ამ უკანასკნელს 306,18 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 12 ხელშეკრულება აქვს შეწყვეტილი მთაწმინდის რაიონის გამგეობას, აქედან 2019 წელს 1 ხელშეკრულება.
15 ხელშეკრულება აქვს შეწყვეტილი ნაძალადევის რაიონის გამგეობას და ყველა კომპანიისთვის პირგასამტეხლო აქვს დაკისრებული. აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში ერთი და იგივე კომპანიას შპს “გზამშენი 7“-ს ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის მხოლოდ ამ რაიონში 3-ჯერ შეუწყდა.
15 ხელშეკრულება აქვს შეწყვეტილი და ამდენივე კომპანია ჰყავს დაჯარიმებული საბურთალოს რაიონის გამგეობას.
2013 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 6 ხელშეკრულება აქვს შეწყვეტილი სამგორის რაიონის გამგეობას.
2013 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 25 ხელშეკრულება აქვს შეწყვეტილი და 25-ვე შემთხვევაში კომპანია დაჯარიმებული ჰყავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას.