20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი აუთვისებელია

20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით გამოიყო, აუთვისებელია.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა, კომერციულ ბანკებთან ხელშეკრულებებს კი 25 ივლისს მოეწერა ხელი. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად დიდია ბიზნესის დაინტერესება აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, ბანკებს ბიზნესის მხრიდან განაცხადების მიღება არ დაუწყიათ, რადგან კვლავ გრძელდება მუშაობა პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

„საკრედიტო საგარანტიო სქემა არის ინოვაციური და საკმაოდ კომპლექსური პროექტი, რაც მოითხოვდა სრულიად ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას. სწორედ აღნიშნული სქემის კომპლექსურობიდან გამომდინარე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კომერციულ ბანკებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიას შორის, ხოლო აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ განაცხადები აღნიშნული სქემის ფარგლებში”, - აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ცნობისთვის, რუსული ავიასანქციების შემდეგ, პროგრამამ გარკვეული ცვლილება განიცადა და მთავრობამ საკრედიტო - საგარანტიო სქემის პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმის სექტორი, მცირე საოჯახო სასტუმროები დაასახელა.

შეგახსენებთ, საკრედიტო - საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, მიზანი კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.

კომერციული ბანკები სქემაში 25 ივლისიდან ჩაერთვნენ. სააგენტოსა და 12 კომერციულ ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები პროგრამასთან მიმართებით. აღნიშნული კომერციული ბანკებია: სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ბანკი ქართუ“ სს „პროკრედიტ ბანკი“; სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“; სს „იშ ბანკი საქართველო“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „პაშა ბანკი საქართველო“; სს „ტერაბანკი“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“; სს „ხალიკ ბანკი საქართველო“; სს „კრედო ბანკი“.