შემცირებული სესხები და დასაკუთრებული ქონება - როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები ერთ წელიწადში

ბოლო ერთ წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები 17 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 50-მდე შემცირდა.

გარდა ამისა, შემცირებულია გაცემული სესხების მოცულობა, მიღებული საპროცენტო სარგებელი და დივიდენდები. ასევე, მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 1,208 მლრდ ლარის სესხი გასცეს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სესხების მოცულობა 1,097 მლრდ ლარამდე შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში 11,462 მლნ ლარით შემცირდა დარიცხული მისაღები პროცენტები და დივიდენდებიც. სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსოების მიერ მიღებულმა პროცენტებმა და დივიდენდებმა 24,905 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 36,367 მლნ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება დასაკუთრებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 9,713 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 20, 695 მლნ ლარის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელში გაზრდილია მისო-ების ნაღდი ფულადი აქტივების მოცულობა. კერძოდ, თუ 2018 წლის მესამე კვარტალში ნაღდი ფულადი აქტივების მოცულობა - 57 440 მლნ ლარი იყო, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 63, 843 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობაზე ნეგატიური გავლენა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა იქონია, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ საფინანსო სექტორზე, განსაკუთრებით კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ნეგატიურად, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა, მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის ზრდა და ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება აისახა.

ნინი ქეთელაური